ღონისძიების შესახებ
ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმში შავი ზღვის, საქართველოს მტკნარი წყლების ბინადართა ზოგიერთი და დეკორატიული თევზების 50-ზე მეტი სახეობაა წარმოდგენილი: ზღვის კატა , ზღვის მელა, ზღვის ენა, კეფალისებრნი, ცხენთევზა, ხონთქარა, ნაგვერდალა და სხვა უნიკალური ჯიშის თევზები.
ეგზოტიკური სახეობებიდან აღსანიშნავია ამაზონის ბინადარი პირანია, ციხლიდები, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის თევზები – გურამი, ბარბუსი, ბოცია, ლაბეო და ულამაზესი დისკუსები. სელექციური მუშაობის შედეგად აკვარიუმში გამოყვანილია იაპონური კობრი (კოი).
ბათუმის სადემონსტრაციო აკვარიუმი რთული კომპლექსია. იგი შედგება სადემონსტრაციო და ექსპერიმენტული ნაწილისაგან. აკვარიუმებში წყლის საერთო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 200 000 ლიტრს. აკვარიუმის წყალმომარაგების რთული სისტემა აერაციისა (ჟანგბადით გამდიდრებისა) და ტემპერატურის რეგულირების საშუალებას იძლევა. სპეციალური ფილტრები უზრუნველყოფს წყლის ხანგრძლივ წრებრუნვას, რის შედეგად აკვარიუმებში იქმნება ჩაკეტილი სისტემა, მყარდება ბიოლოგიური ბალანსი.